ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში რუსთავის დღის ცენტრ „საპოვნელაში“ სხვადასხვა პროფესიის გაცნობის მიზნით აქტივობები გრძელდება.
პროფესიული არჩევანის გაკეთება უფროსი ასაკის აღსაზრდელებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ გზაზე მათი მხარდაჭერა კი პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა.
პროფესიებისა და დასაქმების სფეროს უკეთ გასაცნობად აღსაზრდელები ტანსაცმლის დიზაინისა და კერვის სალონს, Atelier Natusia-ს ესტუმრნენ. სალონის დამფუძნებელმა, კონსტრუქტორ-დიზაინერმა ქალბატონმა ნატამ გოგონებს აუხსნა, როგორ იქმნება სამოსი ქსოვილიდან მზა მოდელამდე. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი კლიენტისა და შემსრულებლის თანამშრომლობას, რომელიც კარგი შედეგისთვის თავაზიან და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას უნდა ეფუძნებოდეს.
გოგონებმა სალონის ყველა სივრცე დაათვალიერეს: საკონსტრუქტორო, საუთოო და საკერავი მანქანების განყოფილებები. სხვადასხვა ფუნქციის საკერავი მანქანები ყველაზე თამამებმა თავადაც გამოსცადეს.
ქალბატონმა ნატამ საკუთარ მაგალითზე უამბო გოგონებს, როგორ იქცა მისი ბავშვობის ჩანახატები რეალურ მოდელებად და როგორ მიიყვანა ამან დიზაინერის პროფესიამდე.
ერთ-ერთმა გოგონამ აღნიშნა, რომ ძალიან უყვარს თოჯინებისთვის ტანსაცმლის ხელით კერვა და იმედი აქვს, ოდესმე საკერავ მანქანასაც შეიძენს და მკერავის პროფესიას დაეუფლება. ქალბატონმა ნატამ მას დახმარება აღუთქვა: საბაზო განათლების მიღების შემდეგ მზადაა, დაეხმაროს პროფესიის დაუფლებასა და დასაქმებაში, თავად გოგონას სურვილის გათვალისწინებით.
