ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ქუთაისის დღის ცენტრისა და 24-საათიანი თავშესაფრის აღსაზრდელები მოწამეთას სამონასტრო კომპლექსს ეწვივნენ.
მოწამეთა ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. მონასტერი არგვეთის მთავრების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელობისაა. ტაძრის არქიტექტურამ, ულამაზესმა ბუნებამ და მდინარე წყალწითელას ხეობის ხედებმა ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ასეთი გასვლები ბავშვებს ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებს აცნობს, აღვივებს ინტერესს კულტურული მემკვიდრეობის მიმართ და სასიამოვნო, არაფორმალურ გარემოში ხელს უწყობს მათი სოციალური უნარების განვითარებას.
