რას ითვალისწინებს 2018 წლის მუნიციპალური პროგრამები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

ამ საკითხებზე საუბრობდნენ  დუშეთის მუნიიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი სოფიო გელიაშვილი და ჟურნალისტი თინათინ მოსიაშვილი

რას ითვალისწინებს  2018 წლის მუნიციპალური პროგრამები სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის? შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის?  რამდენად ხელმისაწვდომია სასკოლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე განათლება რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის? რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც მივიღეთ ე. წ. მთის კანონი - კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ.

ამ საკითხებზე საუბრობდნენ  დუშეთის მუნიიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი სოფიო გელიაშვილი და ჟურნალისტი თინათინ მოსიაშვილი.

სამწუხაროდ, გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვეს  თიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა.  ყაზბეგიდან კი რთული კლიმატური პირობების გამო ვერ ჩამოვიდნენ.

დუშეთი ერთ-ერთი უდიდესი მუნიციპალიტეტია საქართველოში. აქაც, ისევე როგორც მთელ რეგიონსა და ქვეყანაში, სულ უფრო კლებულობს მოსახლეობის რაოდნოება.

„დუშეთში 2565 სოციალურად დაუცველი ოჯახი და 7450 ადამიანია, შშმ სტატუსი აქვს 1536 პირს, აქედან დუშეთის პანსიონში ცხოვრობს 43. ამ ადამიანების მომსახურებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტს რიგი მუნიციპალური პროგრამები აქვს, რომლებიც სოციალურად დაუცველი ადამიანების გარდა სხვა სოციალურ ჯგუფებსაც მოიცავს . წლევანდელ პროგრამებს  უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო“, - ამბობს დუშეთის მუნიციპალიტეტის უფროსი სპეციალისტი სოფიო გელიაშვილი.

რაიონში 36 სკოლაა, აქედან 25 საშუალო და 11 საბაზო. სკოლის 3120 მოსწავლის აღზრდა-განათლებას 700-ზე მეტი პედაგოგი ემსახურება, 15 სკოლამდელი აღზრდის ცენტრია 672 აღსაზრდელით.

ბევრ სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მტკიცებით, ყველგან სადაც არიან ბავშვები და იქნება მშობლების სურვილი, მუნიციპალიტეტი დააკამყოფილებს მათ თხოვნას.

შატილში, ბარისახოსა და მაღაროსკარში არის პანსიონები იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც შორეული  სოფლებიდან დადიან სკოლაში. ბარისახოს პანსიონში ყველაზე რთული მდგომარეობაა.  სოფიო გელიაშვილის თქმით, რამდენადაც მისთვის ცნობილია,  ბარისახოს პანსიონში  წელს უნდა დაიწყოს სარემონტო სამუშაოები.

დუშეთის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან რეგიონის სოფლის სტატუსი აქვს 241 სოფელს და 8000-მდე მოქალაქეს.  კანონის მიღების შემდეგ ჯერ რეგიონში დიდი ცვლილებები არ მომხდარა.  კანონს ჯერჯერობით სოციალური სახე უფრო აქვს,  მთის განვითარებაზე კი ჯერ ნაადრევია საუბარი.


ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი