განათლების ხელმისაწვდომობა რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის

განათლება ძალიან ფართო თემაა, ამიტომ გადაცემის ავტორებმა ორი ძირითადი პრობლემა წამოწიეს წინ

რამდენად ხელმისაწვდომია განათლება რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის? რატომ იმატა სკოლებში ძალადობის შემთხვევებმა? გადაცემის სტუმრებ იყვნენ: საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი ელენე ყიფიანი და გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრის ფსიქოლოგი თამთა საამიშვილი.

„ძალიან გვინდოდა, რომ წლის ბოლო, წინასაახალწლო გადაცემა ოპტიმისტური ყოფილიყო, გვესაუბრა პრობლემებზე, მთაში განათლების ხელმისაწვდომობაზე და იმაზეც, რა შეუძლია თუნდაც ერთ ადამიანს. გვინდოდა მასში მონაწილეობა მიეღოო შუაფხოს სკოლის დირექტორს, 10 შვილის დედას, ირმა ცქიფაშვილს, თუმცა იმის გამო, რომ სემესტრის ბოლო დღეებია, მან ჩამოსვლა ვერ შეძლო. თავს უფლებას მივცემ, მე მივიტანო მსმენელამდე მისი სათქმელი“, - აღნიშნა გადაცემის დასაწყისში  ჟურნალისტმა თინათინ მოსიაშვილმა - შუაფხოს სკოლა ერთდერთი სკოლაა უკანა ფშავში.  დღეს აქ 16 მოსწავლეა, აქედან 8 ირმას შვილია.  დირექტორის, მასწავლებლების, მოსწავლეების ძალისხმევით წელს ცხრაწლიანი სკოლა საშუალო სკოლაად გადაკეთდა, კეთდება რემონტი. საბავშვო ბაღი კი დღემდე არ არის ხეობაში.  იქ არ მუშაობს სკოლისგარეშე წრეებიც.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის პროექტის სოციალური მუშაკი მაია ახრახაძე კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ხშირად არ აქვთ განათლების მიღების საშუალება. მძიმეა სოციალ-ეკონომიკური ყოფა და შეიძლება ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის უქონლობის გამო ვერ იაროს ბავშვმა სკოლაში.

გადაცემის ავტორებმა გვერდი ვერ აუარეს იმ მძიმე შემთხვევებს, რომელიც ბოლო დროს მოხდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში: ახალგაზრდებმა თანატოლები სასიკვდილო ჭრილობებისთვის გაიმეტეს. რა განპირობებს ძალადობას?

„ ამ ამბებს ძირითადად სოციალური ქსელებით ვადევნებდი თვალს. საინტერესო იყო ის, რომ ყველა თითქოს ერთ დამნაშავეს ეძებდა: ვიღაც ადანაშაულებდა ოჯახებს, ვიღაც - სკოლას, სამართალდამცავებს, მედიას... ეს იმდენად კომპლექსური საკითხია, ერთი მხარის დადანაშაულება არ შეიძლება“, - ამბობს თამთა საამიშვილი.

კოლეგის აზრს იზაირებს ელენე ყიფიანიც: „ძალადობის ერთმნიშვნელოვანი მიზეზი არ არსებობს.  სოციალური ფაქტორები განაპირობებს არსებულ რეალობას“

რაშია გამოსავალი?

პირველ ყოვლისა, მშობლები უნდა მიეჩვიონ, რომ ბავშვი არ არის მათი საკუთრება. ახალგაზრდები თავიდანვე უნდა მივაჩვიეთ, რომ ძალადობაზე არ იყვნენ ორიენტირებული.  ამ პროცესში დიდი როლი აქვთ მშობლებსა და მასწავლებლებს. მნიშნელოვანია ბავშვების წახალისება, შექება, მისი ცხოვრებით დაინტერესება. მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური სამსახური მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს.

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი