შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები

„ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მეკითხებიან: შენ ხომ ხარ წარმატებული? ხომ არიან ადამიანები, რომლებმაც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, მიაღწიეს ცხოვრებაში წარმატებას. სად არის მაშინ პრობლემა?

15 დეკემბერს, რადიო „ჩემი ხმის“ ეთერში, გავიდა გადაცემა „ოჯახი, ბავშვი და სახელმწიფო“. გადაცემა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებს მიეძღვნა.

გადაცემის სტუმრებ იყვნენ: გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მაგული შაღაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა პლატფორმა - ახალი შესაძლებლობები“ კოორდინატორი ესმა გუმბერიძე. საუბარს, ტრადიციულად, უძღვებოდა ჟურნალისტი თინათინ მოსიაშვილი.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად მეკითხებიან: შენ ხომ ხარ წარმატებული? ხომ არიან ადამიანები, რომლებმაც შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, მიაღწიეს ცხოვრებაში წარმატებას. სად არის მაშინ პრობლემა? კი ასეთი ადამიანები, ცხადია, ჩვენს საზოგადოებაშიც არსებობენ, მაგრამ შშმ პირს გაცილებით მეტი ბარიერის გადალახვა უწევს, წარმატებას რომ მიაღწიოს. ასეთ შემთხვევაში ამ ადამიანებმა წარმატებას მიაღწიეს არა სისტემის დახმარებით, არამედ ოჯახის წყალობით. მოხერხდა ის, რომ, მაგალითად, დედას არ ემუშავა და შვილთან ერთად ევლო სკოლასა თუ უნივერსიტეტში. ჩვენ სამწუხაროდ, არ გვაქვს დამოუკიდებელი ცხოვრების სერვისები და მშობლები იძულებულნი არიან შშმ პირები ატარონ ყველგან, სადაც დასჭირდებათ. მეც დღეს ისევ დედის დახმარებით გადავადგილდები. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს უმაღლესი განათლება, ვარ იურისტი, ვფლობ უცხოურ ენებს, ვერ ვახერხებ, რომ დავსაქმდე არა როგორც შშმ პირი, არამედ ჩვეულებრივ კონკურსში მივიღო მონაწილეობა“, - ამბობს ესმა გუმბერიძე.

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი ახორციელებს პროექტს „ოჯახების გაძლიერება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში“. პროექტის სოციალური მუშაკი ლალი ახრახაძე რამდენიმე საკითხზე საუბრობს: რეგიონში თითქმის არ არსებობს ინფრასტრუქტურა და ბევრი ადამიანი საერთოდ ვერ გამოდის სახლიდან. სკოლებში არ ჰყავთ სპეციალური მასწავლებლები. ნაკლებად ხერხდება შშმპ ბავშვების ჩართვა სკოლამდელ განათლებაში.

„შშმ პირების შესაძლებლობების შესახებ საზოგადოებაში დაბალია ინფორმირებულობის დონე, ეს იგრძნობა ყველა ეტაპზე, როგორც სკოლამდელ, ასევე სასკოლო თუ უმაღლესი განათლების საფეხურზე, შემდეგ დამსაქმებლებშიც. საიდან მოდის სტიგმა? სტერეოტიპები? ისევ და ისევ განათლების სისტემიდანაც... ჩვენ ნაკლებად ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც მსგავსი პრობლემები აქვთ:  არსებობს სოციალური, ინფრასტრუქტურული ბარიერები. როცა ეს ბარიერები მოიხსნება, ადამიანებს მეტი საშუალება მიეცემათ“, -  მიაჩნია გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე  მაგული შაღაშვილს.

სპეციალისტების აზრით, სახელმწიფომ  ამ პროცესში მედიატორის როლი უნდა შეასრულოს. სწორედ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თავიანთი უნარების გამოვლენისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონდეთ.



ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი