სახელმწიფო და ბავშვთა უფლებები

რას ითვალისწინებს ბავშვთა უფლებები? საერთაშორისო კონვენციებით რა ვალდებულებები აქვს აღებული სახელმწიფოს ბავშვებისა დაოჯახების წინაშე? - ამ საკითხებზე ჟურნალისტი თინათინ მოსიაშვილი გადაცემის სტუმარს, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისისკომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელ მაია ქურციკიძეს ესაუბრა.


.„მსოფლიო საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა 1989 წელს, როდესაც მიიღო ბავშვის უფლებათა კონვენცია.  ეს დოკუმენტი აწესებს ნორმებსა და სტანდარტებს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის კუთხით.  ბავშვს, ცხადია, ყველა კონსტიტუციური უფლება აქვს, თუმცა რადგან ის დაუცველია, საჭირო გახდა ახალი დოკუმენტის მიღებაც.

საქართველო 1994 წელს შეუერთდა ბავშვის უფლებათა კონვენციას, ამით  მთავრობამ აიღო პასუხისმგებლობა,  განახორციელოს კონვენციით გათვალისწინებული უფლებები“, - ამბობს მაია ქურციკიძე. ბოლო 20-25 წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, თუმცა  პრობლემები დღემდე რჩება.  2016 წელს საქართველოში შეიქმნა ბავშვის უფლებათა კომიტეტი, ეს სერიოზული ნაბიჯია, რადგან ბავშვთა ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვის მიმართულებით ქვეყანაში აუცილებელია კოორდინაციის არსებობა.

ახლახან გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც ბავშვთა ფონდის დახმარებით ჩატარდა. შემაშფოთებელი ტენდენცია გამოავლინა: საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პედაგოგების მხრიდან ხშირია  სიტყვიერი და ფიზიკური  შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევები, თანატოლთა შორის არის ბულინგის - ძალადობის, ჩაგვრის შემთხვევები. ბევრი მასწავლებელი არ იცნობს თავის უფლებებსა და მოვალეობებს. არ აქვთ ინფორმაცია არსებული სახელმწიფო მექანიზმების შესახებ.

მაია ქურციკიძის თქმით, შემაშფოთებელია კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. წელს ახალი კვლევა ტარდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მონაცემები უკეთესობისკენ იყოს შეცვლილი.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთა აზრით, ბავშვიანი ოჯახები ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფია, ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაინახოს ჯგუფები, რომლებიც სიღარიბის რისკის წინაშე დგანან, ჩადოს თანხა სიღარიბის შემცირებასაი და განათლებაში.  მხოლოდ ასე შეიძლება ხვალ უფრო განათლებული თაობა გვყავდეს, უკეთესი განათლება კი უკეთესი ცხოვრებისა და ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი ცხოვრების საწინდარია.

ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი