სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)-ის მიერ დაგეგმილი ზაფხულის არდადეგები რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა ცენტრში

ზაფხულის ცხელი დღეების მიუხედავად, საქართველოს კარიტასის რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის ბავშვებმა არდადეგები საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) მეტად მრავალფეროვან შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს ბავშვებს.


აგვისტოს არდადეგები ფილმის “მინუს 22 გრადუს ცელსიუსი” ჩვენებით დაიწყო. ის რეალურ ამბავზეა აგებული, ძაღლების და ადამიანების მეგობრობას ეძღვნება. ფილმის ჩვენების შემდეგ ტრადიციულად გამართულ დისკუსიაში მონაწილეებმა აღნიშნეს, “რომ ძაღლებს ადამიანებთან უღალატო და ერთგული მეგობრობა შეუძლიათ”.


საზაფხულო არდადეგების დროს ბავშვები  დიდი მონდომებით ემზადებოდნენ შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშისთვის “რა? სად? როდის? სამუშაო პროცესში ბავშვები ასრულებდნენ სავარჯიშოებს შემეცნებითი ჟურნალებიდან “საბავშვო კარუსელი” “ბატიბუტა” და “ჩიკოჩიო”. ჟურნალებში გამოყენებულია  არაერთი ლეგენდა, მითი თუ უცხოური ლიტერატურა, სააზროვნო ტექსტი, რაც ბავშვებში კითხვის ინტერესს აჩენს და მოტივაციას უმაღლებს.


ძალიან სახალისო აღმოჩნდა მათთვის: ლოგიკური წინადადებების შედგენა, საგნების დაჯგუფება, ორ მსგავს სურათს შორის განსხვავების პოვნა, ნახატების საწყისი ასოების წრეებში ჩაწერით წინადადებების შედგენა. კონკურსის “რა? სად? როდის? დასასრულს აქტიური მონაწილეები გამოვლიდნენ და დაჯილდოვდნენ ნომინაციაში “საუკეთესო მოაზროვნე” სიგელით.


განსაკუთრებულად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ხატვის კონკურსი თემაზე “ეს ჩემი ლამაზი საქართველოა”. ბავშვების მიერ ხალისიანი და მკვეთრი ფერებით შესრულებული ნახატები დღემდე რუსთავის დღის ცენტრში ოთახებს ამშვენებს.


აღსანიშნავია ისიც, რომ  ბავშვებმა ისწავლეს საათის ცნობა და გამოყენება, წაიკითხეს არაერთი საინტერესო ამბავი, მაგალითად იგავ-არაკი: “წყლის მეფე და გლეხი”,“ჩემპიონი მყვინთავი”; განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია მითოლოგიურმა მოთხრობებმა - “ვინ არიან ვიკინგები, “მითი არგონავტებზე”.


ცენტრის აღსაზრდელები ასევე მხიარულად ერთვებოდნენ ჯგუფურ შეჯიბრებებში: გამოცანების გამოცნობა, დაწყებული ანდაზების დაბოლოება, ლექსების თქმა, მინიშნებით სიტყვების გამოცნობა, მარცვლების სწრაფად გადაადგილებით ახალი სიტყვების შექმნა - მსგავსი შეჯიბრებები მათ არასდროს ბეზრდებათ.


აღსანიშნავია, რომ ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით არაასმთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) -ის მიერ.

 


 



სტატიის ავტორი: ნინო ჩიტიშვილი
ვებგვერდი დაფინანსდა ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ პროექტის „სოციალურ მუშაკთა თანამშრომლობა სოციალური განვითარებისათვის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Hilfswerk Austria International-თან ერთად

 

Austrian Development Cooperation

0 901 900 980
ზარის ღირებულება 1 ლარი