განათლების უთანასწორობა

ერთ სატრენინგო დღეს ცოტა ადრე მომიწია ცენტრში მისვლა, კარში ერთ-ერთი პროგრამის მონაწილე ბავშვი შემეგება და მითხრა:
- თამთა მას (ასე გვეძახიან ბავშვები და მგონია, რომ ამ სიტყვით ჩვენდამი უკიდურესი პატივისცემის გამოხატვას ცდილობენ), ჩვენ კონცერტი გვაქვს! მე ძალიან მაგარი ცეკვა მოვამზადე და მინდა, რომ ნახოთ.
ამ დროს სხვა ბავშვებიც გამოჩნდნენ და მთხოვეს მათ კონცერტს დავსწრებოდი და შეფასებები დამეწერა. რასაკვირველია სიამოვნებით დავთანხმდი შემოთავაზებას, დარბაზში შევედი და კონცერტის დაწყებას დაველოდე:)


შუქი ჩაქრა, კედელზე პროექტორის სინათლე გამოჩნდა და გაისმა:

-სცენაზე გამოდის ჟანა, ის შეგვისრულებს თავის დადგმულ ცეკვას!
ჟანამ ოთახის ცენტრში მოძებნა ადგილი, დადგა, მუსიკას ცოტა ხანს უსმინა-ეტყობოდა ღელავდა, რაღაც არ მოსწონდა... ბოლოს აღმზრდელთან (რომელიც კომპიუტერთან იჯდა) მივიდა და უჩურჩულა, რომ სხვა მუსიკის ჩართვა სურდა. აღმზრდელმა მისი თხოვნა შეასრულა და კონცერტიც დაიწყო.
ჟანა ოთახის ცენტრში, თვალებ დახუჭული იდგა და მისი სხეულის მოძრაობა ისე ორგანულად ერწყმოდა მუსიკის რიტმს, როგორც მაგალითად ფოთოლი ირხევა ნიავის დროს-საითაც დაუბერავს იქით რომ იხრება ხოლმე სინქრონულად.
მუსიკა დამთავრდა, ჟანამ თვალები გაახილა, ხალხი მიმოათვალიერა და მათი რეაქციიდან გამომდინარე კმაყოფილმა ღიმილმა გადაუარა სახეზე.
აპლოდისმენტიც გულწრფელი დაიმსახურა...
პირველმა გამომსვლელმა ყველანაირი უხერხულობა და დაძაბულობა მიმოფანტა და მის მომდევნო მონაწილეებს თავების თამამად წარმოდგენისკენ უბიძგა.
შემდეგ იყო მარი... ილია... მერიკო... ბავშვები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ლაღად, თავისუფლად ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მათი მოძრაობები, მიმიკები, ჟესტები, საუბარი... იმდენად გულწრფელი და ნამდვილი იყო, რომ სიზუსტე და ტექსტის ცოდნა მეათასე ხარისხოვანი ხდებოდა.
ბავშვები იდგნენ კონცერტისთვის გამოყოფილ პატარა ოთახში და თავიანთ საქმეს ისე სერიოზულად და პასუხისმებლობით ეკიდებოდნენ, როგორც დიდ სცენაზე, ფართო აუდიტორიის წინაშე მდგარი ჩამოყალიბებული ვარსკვლავები... და მართლაც, იმდენად დიდ ენერგიას აქსოვდნენ ამ წარმოდგენაში, რომ ნამდვილი ვარსკვლავებივით ციმციმებდნენ.
ვუყურებდი და სულით ხორცამდე ვიყავი მათთან, მაღიმებდა მათი დანახვა.
ბავშვების შემხედვარემ გულის სიღრმეში ვიგრძენი დროთა განმავლობაში ჩემდაუნებურად როგორ მოვექეცი საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებში, როგორ გამეპარა ნამდვილი, შემოუსაზღვრავი თავისუფლება და გამიჩნდა გარკვეული კომპლექსები. ვინატრე მათ ადგილას ყოფნა-ნამდვილობა, სილაღე, სამყაროსადმი შიშველი ენერგიით მინდობა...
ვიჯექი და ვფიქრობდი-ამ ბავშვებს აქვთ ყველაზე მთავარი-სიმართლე და გულწრფელობა, რაც ასე გვაკლია ადამიანებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ რაც უფრო ახლოს გავიცნობთ/მივიღებთ მათ, მით უფრო დიდი იქნება ჩვენს არსებობაში მათ მიერ გამოტყორცნილი დადებითი ენერგიებით მიღებული სარგებელი, რომელიც გაგვაძლიერებს როგორც პიროვნებებს. ძლიერი პიროვნებები კი ძლიერი საზოგადოების გარანტია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

დონორები